შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგია: სიახლეები და უახლესი მონაცემები”.
2020 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პოლიტიკის დონეზე იქცა პრიორიტეტულ მიმართულებად, რაზეც მეტყველებს სამინისტროს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ პროცესში უწყებას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებენ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები. მინისტრის მოადგილემ აგრეთვე აღნიშნა, რომ სამინისტროს თანამშრომლები ასევე აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებშიც.
ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ერთიანი სტატისტიკის შეგროვების შემუშავებული მოდელის მნიშვნელობაზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ წარმოებული მონაცემები გახდეს კიდევ უფრო ზუსტი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მინისტრის მოადგილემ, ასევე, ხაზი გაუსვა მემორანდუმის მონაწილე უწყებების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და მსგავსი თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციას, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგია იქნა შემუშავებული.
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი 2018 წლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში.