შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში შსს-ს მომსახურების სააგენტოს და სპორტული კლუბი MIA FORCE-ის მიერ ორგანიზებული მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის დახურვას დაესწრო.
შს მინისტრის მოადგილე მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურს ესტუმრა და მთელი კვირის განმავლობაში სააგენტოს მიერ ბათუმში განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. დავით ვარდიაშვილს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა სააგენტოს შენობა დაათვალიერებინა და რეგიონული განვითარების გეგმა გააცნო.
შს მინისტრის მოადგილე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახის, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის - MIA Force მრბოლელი დათა ქაჯაიას შემაჯამებელ, შემეცნებით ლექციასაც დაესწრო, რომელიც მან კვირეულის აქტიური მონაწილეებისთვის წაიკითხა.
შეხვედრის დასასრულს, დავით ვარდიაშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა, კვირეულის მონაწილე ბავშვებს სამახსოვრო სიგელები გადასცა და სპეციალურად მომზადებულ სტენდზე - „ჩვენ ვიცავთ საგზაო მოძრაობის წესებს“, მოზარდებთან ერთად, ხელმოწერა დატოვა.
კვირეულის დახურვის დღეს ბათუმში, „ანბანის კოშკის“ წინ ახალგაზრდებმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული დახატეს.
შსს-ს მომსახურების სააგენტომ ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული 2 ივლისს დაიწყო. ყოველდღიურად, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. მომავალში აღნიშნული პროგრამის სხვა რეგიონებში ჩატარებაც იგეგმება.