შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი - ნათია მეზვრიშვილი სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით არასრულწლოვანთა საკითხებზე გამართულ ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმის პრეზენტაციას დაესწრო.
საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, რეგიონებში არასრულწლოვანთა მულტიდისციპლინური ჯგუფები იქმნება. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, რეგიონში არსებული პრობლემების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას და მათ დროულად მოგვარებას ისახავს მიზნად. მულტიდისციპლინურ ჯგუფებში, სხვა უწყებებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული გამომძიებლები ჩაერთვებიან. ჯგუფები აქტიურ მუშაობას 2018 წლიდან დაიწყებენ.
ღონისძიებას საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის - „იუნისეფის“ წარმომადგენელი - ლაილა ომარ გადი, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარე - რენატე ვინტერი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე, სხვადასხვა სამინისტროს და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.