შინაგან საქმეთა მინისტრი ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარ შემთხვევას და დაცვის პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა.
„ამ შემთხვევას გარკვეული სპეკულაციები მოჰყვა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.“ ეს განცხადება გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია და ჯერჯერობით 126-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება გადაკვალიფიცირდეს. მისივე თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ყველა მოქალაქის წინაშე. „პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება დაცვის პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო შეფასებას ჯერ ვერ ვაძლევთ“.