შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური "პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022"-ში გამარჯვებულ თანამშრომლებს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ოქროსმედალოსან სამართალდამცველებს წარმატებული ასპარეზობა პირადად მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
"პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში, გაიმართა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონები გახდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კალანდაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსმა - კობა კობახიძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა - ლევან გილიგაშვილმა ძალისმიერ წოლჭიმში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ოქროს მედლები მოიპოვეს.
პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე, ძიუდოს სახეობაში გაიმარჯვა და ასევე ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - გიგა ბერიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი - ადამურ არქანია კი მკლავჭიდში 2 ოქროს მედალს დაეუფლა.
"პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022"-ში გამარჯვებული ქართველი სამართალდამცველები არაერთი საერთაშორისო სპორტული ასპარეზობის პრიზიორები არიან.