მიმდინარე წლის 1 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან. ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრს. შეხვედრაზე მხარეები სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი ასევე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 2 დეკემბერს დასრულდება.