საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ინტერპოლის 83-ე გენერალური ასამბლეის ჩარჩოებში გამართულ მე-3 საერთაშორისო მინისტერიალში ინტერპოლის წევრი 108 ქვეყნის წარმომადგენელ მინისტრებთან ერთად იღებს მონაწილეობას.
2014 წლის 3-7 ნოემბერს მონაკოში, ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიაზე მე-100 საიუბილეო წლისთავი აღინიშნება. 1914 წელს საერთაშორისო პოლიციურ თანამშრომლობას საფუძველი სწორედ მონაკოში ჩაეყარა. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება. მონაკოს პრინცი ალბერ მეორე პირადად დაესწრო ღონისძიების გახსნას და ცერემონიალის თავმჯდომარე იყო.
გენერალური ასამბლეის პირველი დღე მინისტერიალის შეხვედრას მიეძღვნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო 100 წლის განმავლობაში პოლიციური თანამშრომლობის სფეროში მიღწეულ პროგრესს და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამედროვე და სამომავლო გამოწვევებს მსოფლიო მასშტაბით.
მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საერთაშორისო დონეზე ძებნილ პირთა, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ, ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლის საქმეში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, პოლიციის საქმიანობაში ახალი გამოწვევების, სახელმწიფო და კერძო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
ღონისძიების ჩარჩოებში გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებზეც მიმდინარე საქმეებს განიხილავენ. საქართველოს დელეგაცია ინტერპოლის ახალი გენერალური მდივნის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.