საქართველოს ვიცე პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ვიზიტის პირველ დღეს გიორგი გახარიამ მაღალი დონის შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელმძღვანელთან კირსტენ მედისონთან.
ამერიკელ პარტნიორთან გამართულ შეხვედრაზე, სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ კრიმინალურ პოლიციაში დაწყებულ მასშტაბურ რეფორმაზე, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის პროცესზე, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღების მნიშვნელობასა და სამინისტროში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და ზოგადად უწყებაში მიმდინარე რეფორმები და საგზაო უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერის შესაძლებლობა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი INL- სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ მყარ თანამშრომლობას.