შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 8 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
სამების საკათედრო ტაძარში მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 5 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.