შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი), საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის, ქართული სექტორის, მე-10 კლასის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეები ეწვივნენ.
სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მოზარდებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. მათ ასევე დაათვალიერებინეს მესაზღვრეთა პირადი შეიარაღება და ტრანსპორტი. სამმართველოს თანამშრომლები მოსწავლეებს მესაზღვრის პროფესიის შესახებ ესაუბრნენ და საზღვრის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნეს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს კინოლოგიური სამსახური. ვიზიტის ბოლოს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახმელეთო საზღვრის ზოლი და სათვალთვალო კოშკურა. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეთათვის მესაზღვრის საქმიანობის გაცნობა და საზღვრის დაცვის საკითხებში მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდა და მოსწავლეებში სამართალდამცავი უწყების მუშაობის შესახებ რეალური წარმოდგენის შექმნა.