შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის 5 და საქართველოს 1 მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ახალციხის სამმართველოს ჭარალის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე, ვალეს სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის 3 და აზერბაიჯანის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.