საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი დიაკონუ ეწვია. სერგეი დიაკონუ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას შეხვდა.
მოლდოვის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან. სტუმრებმა მათ მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმები და 2014-2016 წლების განვითარების სტრატეგია გააცნეს.
საქართველოს შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა განხორციელებული და გასატარებელი რეფორმები, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი დიაკონუმ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ მოინახულა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.