საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ახობაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაფართოება და გამყარება. ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელის სახელმწიფოში და მადლიერება გამოხატა ისრაელის მხარის მიმართ ქართველი პოლიციის ატაშეს მიღებაზე გამოხატული მზაობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში იაკოვ შაბთაიმ აღნიშნა, რომ ისრაელის მხარე მზადაა საქართველოსთან განაგრძოს ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას.