საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, დეპარტამენტისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
შსს-ს დელეგაცია ავსტრიის ბუნდესლიგის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო მატჩს დაესწრო, რა დროსაც ავსტრიის პოლიციის შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს სტადიონზე, საფეხბურთო მატჩის წინ მიღებული უსაფრთხოების პრაქტიკული ზომები გააცნეს. სტუმრებს ასევე დაათვალიერებინეს სამეთაურო მართვის ოთახი, სადაც სპორტული ღონისძიებების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის განხორციელებაზე კონტროლი და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შორის კოორდინაცია ხდება.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხების გენერალური დირექტორატისა და კრიზისების მართვის ცენტრის წარმომადგენლებთან, რომლებმაც შსს-ს დელეგაციის წევრებს დეტალური თეორიული პრეზენტაცია წარუდგინეს საფეხბურთო მატჩების დროს უსაფრთხოების ზომების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, გააცნეს ამ მიმართულებით ავსტრიული მხარის გამოცდილება და არსებული საერთაშორისო სტანდარტები.
შეხვედრებზე მინდია ლორთქიფანიძემ ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს „TR-V მუდმივმოქმედი კომიტეტის“ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეპარტამენტის შემადგენლობაში ახალი დანაყოფის შექმნას, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნება მომავალში დაგეგმილი, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გასამართი ღონისძიებების უსაფრთხოებაზე. როგორც მან აღნიშნა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოში ამ მიმართულებით ავსტრიის გამოცდილების გაზიარებას და ევროპის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.
მხარეებმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის პრიორიტეტულ სფეროებში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი ტრენინგების ჩატარებაზე ისაუბრეს როგორც საქართველოში, ასევე ავსტრიაში. აგრეთვე, სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ფარგლებში საქართველოსა და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი შეხვედრის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში გამართული შეხვედრების შემდეგ, ქართული დელეგაცია სპეცდანიშნულების დანაყოფის „EKO-COBRA“-ს სათავო ოფისს ეწვია. დანაყოფის შტაბის უფროსმა სტუმრებს ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა დაათვალიერებინა, ასევე დანაყოფის მუშაობისა და სპეციფიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და სპეცდანიშნულების დანაყოფ „EKO-COBRA“-ს ბევრი მსგავსი ფუნქცია-მოვალეობა გააჩნიათ როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიმართულებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებმა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს