საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები - ქრისტიან ფრეიშლი და კლაუს ჰიოლშერი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. სტუმრებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა უმასპინძლა.
შეხვედრის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ავსტრიულ და ქართულ მხარეებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით, მსხვილმასშტაბიანი ფესტივალებისა და სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოების სფეროში ავსტრიის გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალს -„GEM FEST 2017“ დაესწრნენ და აღნიშნული ღონისძიების უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ავსტრიელ ექსპერტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დეპარტამენტის მიერ შემუშავებული, ფესტივალის უსაფრთხოების სპეციალური გეგმისა და საპოლიციო ძალების გადანაწილების შესახებ. სტუმრებმა შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების კოორდინირებული მუშაობა დადებითად შეაფასეს.
ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიელმა ექსპერტებმა შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერეს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.