საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს - იაროსლავ შიმჩიკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მიღწევები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი გახარიამ და იაროსლავ შიმჩიკმა ხაზი გაუსვეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ვლადიმერ ბორცვაძეს შეხვდა.
შეხვედრას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - მამუკა ჭელიძე, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი - ირაკლი დონდოლაძე და პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე - გიორგი გამსახურდია ესწრებოდნენ.
ორი ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება გაუზიარეს, ასევე, იმსჯელეს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე.