ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა.
მხარეებმა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
როგორც გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ერთიანი სტატისტიკის წარმოება ყოველთვის იყო გამოწვევა თითოეული უწყებისთვის. მისი თქმით, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების შემდეგ შეიქმნება შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სრულყოფილი სისტემა, რომელიც იქნება ზუსტი, სარწმუნო და საჯარო.
„მემორანდუმით გათვალისწინებული უწყებების ანგარიშვალდებულება ერთმანეთის მიმართ, ინფორმაციის გაზიარება, შეესაბამება ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სფეროში არსებულ შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ემსახურება აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტას. შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2016 წლიდან აქტიურად დავიწყეთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება, რაც გამოიხატა პროკურორებისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტული დახმარებით რეკომენდაციების შემუშავებაში, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში, სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და პროკურორთა სპეციალიზაციაში” - განცხადა ირაკლი შოთაძემ.
„დღეს ჩვენ ვხედავთ ინტენსიური მუშაობის ხელშესახებ შედეგს, მემორანდუმს, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მონაცემთა შეგროვებისა და გამოქვეყნების შესახებ. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა შევძელით. მოუთმენლად ველით შემდგომ პროგრესს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე.
„ჩვენ ვიზიარებთ ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ ღირებულებებს, განსაკუთრებით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და პირთა თანასწორობის დაცვის თვალსაზრისით. თავის მხრივ ვუერთდებით სახელმწიფოს გაცხადებულ ნებას, რომელიც ასახულია ადამიანის უფლებათა 2014-2020 წლების ეროვნულ სტარტეგიაში მოახდინოს ეფექტური რეაგირება დისკრიმინაციის და შეუწყნარებლლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ. აღნიშნული ღირებულებებიდან გამომდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლო მზად არის დაიცვას მონაცემების აღრიცხვის ერთიანი სტანდარტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სრულყოფილად აღრიცხვის მიზნით“- განაცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულები, უკანასკნელ წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იქცა პოლიტიკის დონეზე პრიორიტეტულ მიმართულებად, რაზეც მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა.
„2018 წლიდან, სამინისტროში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნულ დანაშაულებზე ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს და წარმოადგენს გარანტს იმისა, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები არ დარჩება ყურადღების მიღმა. ვფიქრობთ, ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ძალიან მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა და საერთო სურვილი იმისა, რომ ქვეყანაში არსებული გარემო გახდეს კიდევ უფრო უკეთესი“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მემორანდუმის საფუძველზე საქსტატი მიიღებს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მონაცემებს, მოამზადებს ერთიან ანგარიშს და უზრუნველყოფს მონაცემთა გავრცელებას ყოველწლიური პერიოდულობით.
„აღნიშნული თანამშრომლობა და ჩვენი უწყებების შეთანხმება ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის და საქსტატის მზაობას, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მიმართონ საერთო მიზნების მისაღწევად, რაც გულისხმობს სამართლებრივ სტატისტიკაზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას და სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების ხელშეწყობას“ - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უწყებები საპილოტე რეჟიმში გამოაქვეყნებენ 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკურ ანგარიშს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება გაეცნოს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ერთიან, სეგრეგირებულ მონაცემებს.
მემორანდუმით გათვალისწინებულია უწყებების ანგარიშვალდებულება ერთმანეთის მიმართ ინფორმაციის გაზიარების თაობაზე. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სფეროში არსებულ შიდა სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო სტანდარტებს, პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და ემსახურება აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტას.