შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პროექტ „ნორჩ მაშველთა კლუბის“ მეორე ნაკადმა ბელარუსში გამართულ მე-12 საერთაშორისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს „ნორჩ მაშველთა“ კლუბის შვიდწევრიანმა ჯგუფმა 14-25 ივლისს ბელარუსის ქალაქ გომელში, „ნორჩ მაშველთა“ საერთაშორისო შეჯიბრში პირველად მიიღო მონაწილეობა. მოზარდებმა ტყის მასივში დაბრკოლებების გადალახვის გუნდური შეჯიბრში საპრიზო 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილები მოიპოვეს და მედლებით დაჯილდოვდნენ. მათ ასევე გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და სხვადასხვა პრიზი.
„ნორჩი მაშველების“ მონაწილეობით დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო შეჯიბრი და კონკურსი, კერძოდ: სახანძრო-სამაშველო და პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ტურისტული ესტაფეტა და სხვა. გუნდმა ასევე წარმოაჩინა კულტურულ-ისტორიული პროგრამა, რომელიც „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრმა“ მოამზადა. გუნდს თან ახლდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ორი წარმომადგენელი და ცენტრის კოორდინატორი.
გამგზავრებამდე მოსწავლეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზაზე გაიარეს სამაშველო-სახანძრო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა.
ქართველ ნორჩ მაშველთა გუნდის საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისათვის ფორსმაჟორულ სიტუაციებში (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და სხვა) სამაშველო სამუშაოების და პირველადი დახმარების აღმოჩენის შესწავლას, ასევე ითვალისწინებდა პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს „ნორჩ მაშველთა“ კლუბის პირველი ნაკადის შვიდწევრიანმა ჯგუფმა 22-28 ივნისს აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში გამართულ „ნორჩ მაშველთა“ საერთაშორისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.