შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ 27 იანვარიდან, თბილისში, მდინარე მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად - ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.
სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს (წერეთლის გამზირი) მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით.
მარჯვენა სანაპიროდან სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ ვახუშტის ხიდზე ამსვლელი პანდუსით.
ვეფხი და მოყმის ძეგლიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩამოსული ავტომანქანები სააკაძის მოედანზე მოხვდებიან გოთუას ქუჩით ან თამარ მეფის პანდუსის გავლით.
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე დაუბრუნდება.