2013 წლის 17-20 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ბატონ ზვიად ქაწაშვილი – დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბატონი გიორგი გაზდელიანი, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ზურაბ თალაკვაძე და დაგეგმვის განყოფილების უფროსი ბატონი თეიმურაზ მელქაძე.
ვიზიტის მიზანი იყო, 2013 წლის 27 სექტემბერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ბელარუსში ვიზიტის დროს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ – შეთანხმების ფარგლებში, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა და კონკრეტული ღონისძიებების დასახვა. ვიზიტის დროს, ქართული დელეგაციას საშუალება მიეცა ადგილზე გაცნობოდა ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სტრუქტურას, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მარეგულირებელ კანონმდებლობას. ქართული დელეგაცია სტუმრად ეწვია სამეთაურო-საინჟინრო ინსტიტუტს, მეხანძრე-მაშველთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტს, ასევე სახანძრო და საავარიო-სამაშველო მუზეუმს, საგანგებო სიტუაციების მართვის სხვადასხვა დანაყოფებსა და მართვის ორგანოებს.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმა და კონკრეტული ღონისძიებები. 18 დეკემბერს ქართველ კოლეგებს შეხვდა ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ბატონი ვლადიმერ ვაშენკო. უწყებათა ხელმძღვანელებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. მინისტრმა 2014 წლის საზაფხულო ნორჩ მაშველთა საერთაშორისო ბანაკში სპორტულ-სამაშველო შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად და დასასვენებლად ბელარუსში ოფიციალურად მიიწვია ქართველი ბავშვები.
ქართველი და ბელარუსი კოლეგები შეთანხმდნენ 2014 წლის მარტის თვეში ხელი მოაწერონ საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შორის მემორანდუმს და ამ მემორანდუმის ფარგლებში შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და განვითარების შემთხვევაში, რეაგირების ხაზით თანამშრომლობის კონკრეტულ ღონისძიებებს. შესაბამისად, დაისახება ერთობლივი წვრთნები და სწავლებები, შედგება საკონსულტაციო შეხვედრები, ექსპერტების დონეზე შემუშავდება რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის სრულყოფისა და განვითარების ხაზით, რაც საქართველოსა და ბელარუსის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საწინდარი იქნება.