შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ჟ.გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს მარტვილში მოქალაქის საცხოვრებელ სახლს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მათ ოჯახის ერთ-ერთ წევრს სხეულზე დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ჟ.გ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, მარტვილში დააკავა. რაც შეეხება სხვა პირებს, მათ დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ოქროულობა და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.