19 მარტს, 13:48 საათზე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება 113-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირებული სპეციფიკური სუნის შესახებ.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების ჯგუფი, რომლის მიერ სკოლის სარდაფში აღმოჩენილ იქნა დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერებები, კერძოდ, სხვადასხვა სახის რეაქტივები.
ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების ჯგუფის მიერ ოპერატიულად მოხდა დაუცველ ჭურჭელში მოთავსებული ნივთიერებების ამოღება, რის შემდეგაც ქიმიური ნივთიერებების შემცველი ჭურჭელი გადახარისხდა და სპეციალურ უსაფრთხოების ჩანთებში განთავსდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა აღმოჩენილი ქიმიური ნივთიერებები შემდგომი განეიტრალების მიზნით, დროებით უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.