შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა „ბაქსვუდის“ კერძო სკოლაში მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს სასწავლო ევაკუაცია განახორციელეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, 700-მდე ბავშვი და სკოლის პერსონალი შენობიდან გამოიყვანეს. სწავლება კამპანიის - „სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში“ ფარგლებში ჩატარდა.
მეხანძრე-მაშველებმა სკოლის შენობიდან სპეციალური კალათით „დაშავებული“ მოსწავლეები ჩამოიყვანეს. სააგენტოს თანამშრომლებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი იყო სკოლის აღსაზრდელებისა და პერსონალისთვის საგანგებო სიტუაციების დროს კატასტროფების რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარება, ინციდენტზე კოორდინირებული რეაგირების უნარ-ჩვევების გამომუშავება, მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.