შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში ამ დრომდე 200-მდე შეტყობინებაა შესული, რომლებზეც მყისიერი რეაგირება მოხდა.
შსს-ს მაშველები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რომლებიც დიდთოვლობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ, სხვადასხვა სოფელში მყოფ მძიმე ავადმყოფებთან მისვლაში ეხმარებიან. მაღალმთიანი სოფლებიდან პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში დროულად გადასაყვანად მაშველები ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით კილომეტრს ფეხით გადიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები გამოიყვანეს, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.