საქართველოს „ნორჩ მაშველთა“ გუნდებმა ბელორუსსა და აზერბაიჯანში გამართულ „ნორჩ მაშველთა“ XV საერთაშორისო შეჯიბრებებში გუნდური მეორე ადგილები დაიკავეს.
გამარჯვებულ „ნორჩ მაშველებს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ნათესავები დახვდნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გამარჯვებული გუნდების წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
აზერბაიჯანის ქ. გაბალასა და ბელორუსის ქ. გომელში გამართულ შეჯიბრებებში 10-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის გუნდი ასპარეზობდა. საქართველოს გუნდებს თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები წარმოადგენდნენ.
ქართველმა „ნორჩმა მაშველებმა“ „ტურისტული ესტაფეტის“ გადალახვაში პირველობა მოიპოვეს, წყლისა და კომბინირებულ სახანძრო ესტაფეტებში მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო ფინალში - გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.
ასევე, გაიმართა კონკურსები „მის ბანაკი“ და „მისტერ ბანაკი“, სადაც „მის გრაციის“ ტიტული ქართველ მონაწილეს, სოფო თანდიაშვილს ხვდა წილად.
პროექტი „ნორჩ მაშველთა კლუბი“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. „ნორჩ მაშველებს“ სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული საწვრთნელი მეცადინეობები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზაზე ჩაუტარდათ.