პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის, მარიუშ კამინსკის გადაწყვეტილებით, პოლონეთის ეროვნული პოლიციის 101-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის, პოლონეთში საქართველოს პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.
გიორგი გამსახურდიას ჯილდო საზეიმო ვითარებაში გადასცა პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, გენერალ-ლეიტენანტმა, დოქტორმა, იაროსლავ შიმჩიკმა, რომელმაც განსაკუთრებით აღნიშნა გიორგი გამსახურდიას უნიკალური ცოდნა, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და პიროვნული ჩართულობა საერთაშორისო სამართლებრივ დევნაში (ინფორმაციის გაცვლა, ტრენინგებში თანამშრომლობა და ა.შ.), რაც ხელს უწყობს ორ სახელმწიფოს შორის სათანადო, მეგობრული და ღია ურთიერთობების დამყარებასა და პოლიციათა შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
იაროსლავ შიმჩიკის თქმით, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია განსაკუთრებით დიდ მხარდაჭერას უცხადებს პოლონეთის პოლიციის საქმიანობას, პოლონეთში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, როგორც ოპერატიული, ასევე საგამოძიებო მოქმედებების ნაწილში. მან ასეთი თანამშრომლობის მაგალითად დაასახელა გიორგი გამსახურდიას მონაწილეობა ქალაქ ტრუიმიასტოს (ქ.სოპოტის) ტერიტორიაზე 2020 წლის 17 ივლისს, რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, სახიფათო და იმპულსური პირის დაკავების ღონისძიებაში. დაკავებული რუსეთში და სხვა ქვეყნებში ნარკოტიკების კონტრაბანდის, მანქანების ქურდობის, ბინების ძარცვისა და გამოძალვის სფეროში მოქმედ კრიმინალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
იაროსლავ შიმჩიკმა აღნიშნა, რომ გდანსკის სავოევოდო პოლიციის კომენდატურის და ანტიტერორისტული დანაყოფის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის დაკავება გიორგი გამსახურდიას მიერ შემუშავებული დეტალური ზომების წყალობით შეძლეს და სპეცოპერაცია ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩატარდა.
პოლონეთის ეროვნული პოლიციის 101-ე წლისთავისადმი გამართულ ღონისძიებაზე პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ, პოლიციის მთავარმა კომენდანტმა გენერალ-ლეიტენანტმა იაროსლავ შიმჩიკმა და მისმა მოადგილეებმა კანდელი დაანთეს და გვირგვინებით შეამკეს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკი „დაღუპულ პოლიციელებს - პოლონეთის რესპუბლიკა“ და ასევე მემორიალური დაფა პოლიციის მთავარ კომენდატურაში. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი
პოლონეთის ეროვნული პოლიციის 101-ე წლისთავისადმი გამართულ საზეიმო ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობის მიწვევით პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. ილია დარჩიაშვილმა და გიორგი გამსახურდიამ პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ შტაბში დაღუპული პოლონელი პოლიციელებისა და ასევე ტვერში გარდაცვლილი და მედნოეში პოლონურ სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალული პოლონეთის II რესპუბლიკის პოლიციელების ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
გიორგი გამსახურდიას დაჯილდოების შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ეროვნული პოლიცია ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
https://www.policja.pl/pol/aktualnosci/191654,Obchody-Swieta-polskiej-Policji.html