შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ზ.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თელავში, რამდენიმე პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.ს.-მ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი - 2000 წელს დაბადებული ბ.ქ. ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
ჩხუბის დროს, ბრალდებულმა ზ.ს.-მაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. იგი საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.