შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დააკავეს.
დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება "ლსდ" და 3 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დ.მ.-ს საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 553 აბი ნარკოტიკული საშუალება "მდმა", 470 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება "ლსდ", 3 შეკვრა „მეტადონის ფუძე“ და 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მდმა".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.