შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში 1 პირი: 2001 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 21 ივლისს ვაგონშემკეთებელი ქარხნის შენობაში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ფარულად დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და სხვა პირად ნივთებს. პოლიციამ გ.მ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მის მიერ 7 მოქალაქისგან მოპარული სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონები. მათ შორის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უკვე გაყიდული „Iphone XR“-ის მოდელის მობილური ტელეფონი.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს ქურდობის ფაქტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა.