შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული შ.თ. და 2000 წელს დაბადებული ნ.თ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში ყაჩაღურად თავს დაესხნენ კომპანია „აჭარა ფეის“ ფილიალს, ოპერატორს იარაღის გამოყენების მუქარით ამავე კომპანიის კუთვნილი - 35 500 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა შ.თ. და ნ.თ. მალევე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, გატაცებული ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ხმოვანი პისტოლეტი.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.