შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული რ.ი., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს - 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.