შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისათვის არაერთგზის ნასამართლევი დ.ხ. და 1984 წელს დაბადებული ი.ა. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ხოლო 1959 წელს დაბადებული ნ.უ. - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს
გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ხ.-მ და ი.ა.-მ ქალაქ ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან 2 დღეში დააკავა.
სამართალდამცველებმა, ნ.უ.-ს პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნაქურდალი ნივთები, ხოლო მისი საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას - დანარჩენი ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მათ მიერ ქალაქ ბათუმში ჩადენილი არაერთი ბინის გაქურდვის საქმეზე, მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 186-ე მუხლით.