შსს-ს აკადემიაში პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ჯგუფის კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე ხვადაგიანი დაესწრნენ. მათ პროგრამის პირველი ჯგუფის მონაწილეებს კურსის დასრულება მიულოცეს და სერთიფიკატები გადასცეს.
პატრულ-ინსპექტორთა მომზადების განახლებული პროგრამა თანამედროვე პოლიციურ სისტემაში არსებულ მიდგომებსა და სტანდარტებზეა დაფუძნებული. სამთვიანი კურსი საპატრულო პოლიციის მომავალი თანამშრომლებისთვის თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარებით გაღრმავებაზეა ორიენტირებული. ახალი პროგრამის მიხედვით, უპირატესობა ინტენსიურ ფიზიკურ, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას ენიჭება.
კურსის მონაწილეებმა აკადემიის მიერ შეუშავებული, რეალურ სიტუაცებზე აგებული მაგალითების მეშვეობით სათანადო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს. პროგრამის მიზანია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისათვის ახალი კადრების მომზადება, მათთვის საბაზისო ცოდნის მიღება და პატრულ-ინსპექტორისთვის პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება.