საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, რომლითაც მკაცრდება ცივ იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები.
საკანონმდებლო ცვლილებებით მკაცრდება ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებული სანქციები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 200 ლარისა, აგრეთვე, სანქციის სახით გათვალისწინებული იქნება ცივი იარაღის კონფისკაცია.
კანონპროექტის თანახმად, ცივი იარაღის ტარების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება აღნიშნული სამართალდარღვევის ერთი წლის მანძილზე მხოლოდ მესამედ ჩადენის შემთხვევაში.
გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში იზრდება სასჯელი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილისთვის, სანქციის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთისა. ასევე, მკაცრდება პასუხისმგებლობა ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარებისათვის - ამ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა ოთხ წლამდე ვადით იქნება დაწესებული.
ინიცირებული კანონპროექტით, ცვლილება შედის ცივი იარაღის ტარების განმარტებაშიც. კერძოდ, ცივი იარაღის ტარებად ჩაითვლება აგრეთვე ისეთი გარემოების არსებობა, როდესაც პირი ცივ იარაღს ფლობს იმგვარად, რომ შესაძლებელია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.
ზემოხსენებული ცვლილება გამოწვეულია ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზით. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გამოვლინდა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტების მნიშვნელოვან ნაწილში დანაშაულის ჩადენის იარაღს წარმოადგენდა ცივი იარაღი. დანით დანაშაულის ჩადენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 53% მკვლელობა/მკვლელობის მცდელობის ფაქტებში ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, პოლიციის მიერ, ცივი იარაღის ტარების ყველაზე მეტი - 3289 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა, ხოლო 417 ფაქტზე გამოძიება დაიწყო ცივი იარაღის უკანონო ტარებასთან დაკავშირებით.