შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მინისტრის მოადგილეებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. მათ, ასევე, ისაუბრეს აღნიშნული გამოძიებების ფარგლებში იმ ბრალდებულების შესახებ, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე დაიწყო.
ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ყველა ის ღონისძიება გააცნეს, რომლებიც პოლიციამ არჩევნების უსაფრთხოების მიზნით განახორციელა, როგორც პირველი ტურის განმავლობაში, ასევე, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში.
როგორც შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პოლიცია არასათანადო რეაგირებას ახდენს ძალადობრივ ინციდენტებზე და თითქოსდა არჩევნები ძალადობის ფონზე მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ.