დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის შესახებ სახელმწიფო უწყებების მიერ მონაცემთა შეგროვების ეფექტიანი სისტემის შექმნით სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება.
ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნა. ასევე, სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.
„როგორც მოგეხსენებათ, დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ გასული წლის განმავლობაშიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტი. ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენ სწორედ ევროსაბჭოს დახმარებით გადავდგით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროსაბჭოს არა მხოლოდ ამ ღონისძიებისთვის, არამედ იმ დახმარებისთვის, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გვიწევდა. არ ვისაუბრებ იმ პროგრესსა და იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომლებიც ჩვენ, ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, გასულ წელს მივიღეთ. მინდა, ძალიან მოკლედ, უბრალოდ, ხაზი გავუსვა სტატისტიკის მნიშვნელობას და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში სწორი სტატისტიკური მონაცემების წარმოებას. ამ ტიპის დანაშაულთან მიმართებით იყო გარკვეული მონაცემები, რომლების აღრიცხვას და სტატისტიკური მონაცემების წარმოებას შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ვერ ახორციელებდა. მას შემდეგ, რაც შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, ანალიტიკურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის დახმარებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და გავაუმჯობესეთ მისი აღრიცხვა. მათ შორის, დღეს, უკვე შესაძლებელია საკმაოდ ბევრი პარამეტრით სტატისტიკური მონაცემების წარმოება. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროსაბჭოს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით გაწია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ასევე, იმ სასწავლო ვიზიტებისთვის, რომლებიც ამ სფეროში უკვე განვახორციელეთ და იმედს გამოვთქვამ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ, რომ უახლოეს მომავალში იყოს კიდევ უფრო დეტალური და დახვეწილი სტატისტიკური მონაცემები. რაც მთავარია, ერთიან მეთოდოლოგიაზე შევთანხმდეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო და ყველა ის უწყება, რომელიც ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, იმიტომ, რომ ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მხოლოდ ერთიანი მეთოდოლოგიით არის შესაძლებელი",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის“ ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას, ასევე, ქვეყანაში მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას.