112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP)

2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე, საქართველომ თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის (Defence Capacity Building, DCB) ინიციატივის ფარგლებში, ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მიიღო. პაკეტი მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, მდგრადობის გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას. SNGP-ის ფარგლებში ინიცირებულ იქნა საზღვაო უსაფრთხოების პროექტი. პროექტის ძირითად პარტნიორად განისაზღვრა ლატვია. შესაბამისად, ლატვიელი ექსპერტი კოორდინაციას უწევს ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც თურქი და ბერძენი ექსპერტებისგან შედგება. პროექტის ძირითად მიზნებია:

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტს შორის კოორდინაციის მექანიზმების შემუშავება;
  • სანაპირო დაცვის დეპარტამენტისთვის ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) პროგრამის შესრულება;
  • სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ადამიანური და ტექნიკური რესურსების შესაძლებლობების გაზრდა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად;
  • შავი ზღვის რეგიონში საზღვაო სურათის უკეთესად აღქმა;
  • საპორტო უსაფრთხოების გაუმჯობესება.


საზღვაო უსაფრთხოება

ნატო-საქართველოს ურთიერთობების ფარგლებში, მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საზღვაო უსაფრთხოება. საქართველო, როგორც ნატოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძირითადი უწყებაა.

2018 წლის ბრიუსელის სამიტსა და თავდაცვის მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ პროცესში საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე, ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“ ფარგლებში (2016 წლის 8 ნოემბრიდან გარდაიქმნა ოპერაცია „ზღვის მცველად“), 2012 წლიდან ცვლის ინფორმაციას. ამასთანავე, ნატოს საზღვაო სარდლობაში, დიდ ბრიტანეთში, ქ. ნორთვუდში 2014 წლიდან მივლენილია სანაპირო დაცვის მეკავშირე ოფიცერი, რომლის მანდატიც თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანობის ამაღლებას ემსახურება.

2017 წელს შს სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა მზაობა ნატოს საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ორი სააბორდაჟო ჯგუფის მომზადებას და ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების პროცესში (OCC) ჩართვას გულისხმობს. პროცესის წარმატებით დასრულება ნატოს საზღვაო ძალებთან ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებასა და საჭიროების შემთხვევაში, ნატოს საზღვაო ოპერაციებში ჩართვის შესაძლებლობას მოგვცემს. OCC-ის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის ფარგლებში საქართველომ წარმატებით დაასრულა სერტიფიცირების პროცესის პირველი ფაზა - SEL1 (Self-Evaluation 1) და NEL1 (NATO Evaluation 1).

ამასთანავე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გადმოცემული აილენდის კლასის საპატრულო ხომალდები. 2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული ხომალდების დეკლარირება ნატოს შეიარაღებული ძალების რეზერვის შემადგენლობაში (NATO Pool of Forces). სერტიფიცირების პროცესის გავლის შემდეგ მათ მიენიჭებათ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სტატუსი. 2020 წელს დაგეგმილია მცურავი საშუალებების თვითშეფასება (Self-Evaluation 1 – SEL1).

საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (Joint Maritime Operations Center - JMOC). ცენტრი 2016 წლის სექტემბრიდან სრული დატვირთვით ამუშავდა. JMOC - ეროვნულ საზღვაო ანალიტიკურ-საინფორმაციო ჰაბი და საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნის საშუალებაა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა JMOC-სა და ნატო-ს ნაოსნობის ცენტრს (NATO Shipping Center) შორის ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებით.

შავ ზღვაზე უსაფრთხოების გამტკიცებისთვის, მნიშვნელოვანია, ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთების საქართველოს საზღვაო სივრცეში ვიზიტების ინტენსიურობის გაზრდა. თუკი, წინა წლებში ნატოს შენაერთების ვიზიტი წელიწადში ერთხელ იყო შესაძლებელი, 2018 წელს ეს ინტერვალი ექვს თვემდე შემცირდა. აღნიშნული საპორტო ვიზიტები, ამ ეტაპზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნების ორგანიზების ერთადერთი საშუალებაა.

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დამტკიცებული შავი ზღვის უსაფრთხოების პაკეტის პრიორიტეტებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის შესაბამისად, ნატოს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს გააზარდონ საქართველოს მხარდაჭერა საპორტო უსაფრთხოების (Harbour Protection) თვალსაზრისით.

კრიზისების მართვა

SNGP-ის კიდევ ერთი ინიციატივაა კრიზისული სიტუაციების მართვა (Crisis Management). 2019 წლის 2 აპრილს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, აღნიშნულ ინიციატივაზე პასუხისმგებელ უწყებად ეროვნული უსაფრთხოების საბჭო განისაზღვრა. კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაცია საბჭოს კომპეტენციაა, ხოლო შსს სსდ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტაქტიკური დონეზე ერთვება. 2019 წლიდან აღნიშნული ინიციატივის კოორდინატორია დანიის სამეფო.

SNGP-ის უწყებათაშორისი საბჭო

SNGP-ის განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, ამ მიზნით, 2019 წელს შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსდ - სასაზღვრო პოლიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლები შედიან.