×

112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42ერთიანი მომსახურების ცენტრი

ევროკავშირის / შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა

2012 წლის 4 ივნისს, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო დიალოგი ოფიციალურად დაიწყო, ხოლო 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს მთავრობას გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (Visa Liberalization Action Plan - VLAP).

აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავდა, ეტაპობრივად, საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა განხორციელდა ორ ფაზად. პირველი ეტაპი მოიცავდა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბებას. მეორე ეტაპი კი ითვალისწინებდა მიღებული საკანონმდებლო ნორმების ეფექტიან განხორციელებას.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მოიცავდა 4 თემატურ სფეროს ე. წ. ბლოკს:

  • დოკუმენტების უსაფრთხოება (ბიომეტრიული მონაცემების ჩათვლით);
  • საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის მაძიებლები;
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება;
  • საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ძირითადი მიმართულებებია:

  • საზღვრის ინტეგრირებული მართვა;
  • არალეგალურ მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • სამართალდაცვითი საქმიანობების განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

ევროკომისიის 2014 წლის 29 ოქტომბრის ანგარიშში დადებითად შეაფასდა საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები და მოუწოდა საქართველოს გადასულიყო შესრულების მეორე ფაზაზე.

მეორე ფაზის მიმდინარეობის პროცესში, 2015 წლის იანვარ-მარტსა და სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს ეწვია ევროკავშირის ექსპერტთა რამდენიმე შემფასებელი მისია, რომელთა შეფასების საფუძველზეც ევროკომისიამ გამოაქვეყნა მესამე (2015 წლის მაისი) და მეოთხე (2015 წლის დეკემბერი) ანგარიშები. ევროკომისიის საბოლოო ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, #539/2001 რეგულაციაში ცვლილების შედეგად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ევროკავშირის (შენგენის ზონის) ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ ევროკომისიის მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციების შესრულება და მონიტორინგი, რაც გულისხმობს ევროკომისიისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა, რეადმისიის შეთანხმებების ეფექტიანი განხორციელება, საზღვრის მართვა, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, სამართალდაცვითი საქმიანობების განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა.