საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად 2010 წელს დაიწყო, ხოლო 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ასოცირების შესახებ შეთანხმებას ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“. ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ასოცირების შესახებ შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას, საქართველოს დაახლოებას ევროპასთან.
ასოცირების შესახებ შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს, მას შემდეგ რაც 2016 წლის 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რატიფიკაციის პროცედურების დასრულების შესახებ.
ევროკავშირი და საქართველო, ასევე, შეთანხმდნენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც განსაზღვრავს 2017-2020 წლებში თანამშრომლობის განვითარების პრიორიტეტებს, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების გათვალისწინებით.
ასოცირების შესახებ შეთანხმება პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად:
- პოლიტიკური თანამშრომლობა (პრეამბულა, კარი I-III; VIII);
- ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA) (კარი IV);
- დარგობრივი თანამშრომლობა (კარი V-VII).
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში შსს–ს კომპეტენციაში შემავალი საკითხებია:
- საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა (CSDP);
- სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
- მიგრაცია და თავშესაფარი;
- საზღვრის მართვა;
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
- მართვის მოწმობა;
- სამოქალაქო დაცვა.
ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად შეიმუშავებს ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელიც მტკიცდება მთავრობის დადგენილებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად გამართულ კომიტეტისა და ქვეკომიტეტის სხდომებში:
- ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა;
- საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა;
- მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე (JFS) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა;
- საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომა.
- ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ყოველწლიური დიალოგი