112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

სიახლეები

დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი

2018 წელს განხორციელებული აქტივობები

ინფრასტრუქტურა

2018 წელს სარემონტო სამუშაოები განხორციელდა წალკის, ჩხოროწყუს და ახალქალაქის იზოლატორებში. გარდა იმისა, რომ მოხდა იზოლატორების სრულად განახლება, მოწესრიგდა ვენტილაციის და გათბობის სისტემები, ამავდროულად წალკის და ახალქალაქის იზოლატორებში გაუქმდა საკნებში არსებული ფიცარნაგები, ხოლო ჩხოროწყუს იზოლატორში საკნებში მოეწყო შესაბამისი სარკმელები.

სარემონტო სამუშაოები განხორციელდა მცხეთის იზოლატორშიც, სადაც დამატებით მოეწყო ორი საკანი.

სამედიცინო პუნქტების გახსნის მიზნით 2018 წელს სამედიცინო ოთახები მოეწყო 10 იზოლატორში. ისინი აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, რაც რა თქმა უნდა სამედიცინო ინვენტარსაც მოიცავს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, რუსთავის იზოლატორში 2018 წლის ოქტომბრის პერიოდში მოეწყო არასრულწლოვან დაკავებულთათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა. კერძოდ სრულად გადაკეთდა ერთი საკანი და გამოკითხვის ოთახი.

ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა

2018 წელს ვიდეო ტექნიკა სრულად განახლდა 6 იზოლატორში. ისინი ძირითადად შეირჩა მათი დატვირთულობის გათვალისწინებით. სხვა იზოლატორებთან მიმართებაში მოხდა არსებული ჩამწერი მოწყობილობების და კამერების გადანაწილება. დღეისათვის ვიდეოჩანაწერები წარმოებს ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა იზოლატორში.

სამედიცინო მომსახურება იზოლატორში

2018 წლის დასაწყისისათვის სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით 7 იზოლატორში.

2018 წელს ახალი პუნქტებისთვის დავიწყეთ სამედიცინო პერსონალის მოძიება. სამედიცინო პერსონალი მოძიებული იქნა დამატებით 16 იზოლატორისათვის. ჯამში ქვეყნის მასშტაბით მოძიებულ იქნა 46 ექიმი.

პირველი დამატებითი სამედიცინო პუნქტი გაიხსნა 2018 წლის ოქტომბერში და დღეისათვის არსებულის გარდა კიდევ დამატებით 10 იზოლატორშია წარმოდგენილი. შესაბამისად სამედიცინო პუნქტები 29 მოქმედი იზოლატორიდან 17-ში უკვე ფუნქციონირებს.

ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, 2018 წელს განხორციელდა დასასაქმებელი და მოქმედი სამედიცინო პერსონალის გადამზადება, ჯანდაცვის, გადამდები დაავადებების პრევენციის და დაზიანებების დოკუმენტირების მიმართულებებით.

არასრულწლოვანთათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენა

2018 წელს განხორციელდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც გულისხმობდა იზოლატორში მოხვედრილი არასრულწლოვნებისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენას. თბილისის იზოლატორში მოთავსებული არასრულწლოვნების მიმართ, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც ფსიქოლოგი, ექიმ-თერაპევტი, ნარკოლოგი და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიატრი შედიან, დღეისათვის ადგილზე ხდება ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა, ასევე მათი საჭიროებების შეფასება და კრიზისული ინტერვენციის განხორციელება.

მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, იზოლატორის დატოვების შემდეგ, მოხდება არასრულწლოვნის რეფერირება სხვა უწყებებშიც (დანაშაულის პრევენციის ცენტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო და საგანმანათლებლო სამსახურის მანდატურის სამსახური).

აუცილებლობის შემთხვევაში გუნდის წევრები კრიზისულ ინტერვენციას განახორციელებენ სრულწლოვანი პირების მიმართაც.

შიდა მონიტორინგის სამსახური

დეპარტამენტში არსებობს შიდა მონიტორინგის სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს იზოლატორების საქმიანობის კონტროლს. სამსახური საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს, პირველი გახლავთ იზოლატორების გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგი, ხოლო მეორე მიმართულება ვიდეომონიტორინგს მოიცავს.

სამსახურის მხრიდან, იზოლატორების შესამოწმებლად განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2018 წელს საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით კი არაგეგმიური შემოწმებების ნაწილში.

რეგისტრაციის ელექტრონული ბაზა

2018 წელს განხორციელდა იზოლატორში მოთავსებული პირების რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზის სრულად განახლება. დღეისათვის ბაზაში სრულყოფილად არის წარმოდგენილი ინფორმაცია მოთავსებული პირების შესახებ. იზოლატორში შემოყვანის მომენტიდან მის დატოვებამდე პირის თაობაზე ინფორმაცია მაქსიმალურად დეტალურად არის ასახული ბაზაში.

მაგალითისათვის მოგახსენებთ, რომ სხვადასხვა უამრავ ცვლილებასთან ერთად ბაზაში დაემატა შემდეგი მნიშვნელოვანი ველები:

  • პრეტენზიის ველი;
  • შესაბამისი ველები სამედიცინო პერსონალისთვის;
  • პროკურატურაში შეტყობინების გადაგზავნის აღმნიშვნელი ველები;
  • სხვადასხვა სახის ინციდენტები, როგორიცაა, თვითდაზიანება, სუიციდი, შიმშილობა, შინაგანაწესის დარღვევა და ა.შ;
  • და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციონალი, რაც გულისხმობს დოკუმენტაციის ბაზაზე ატვირთვის ფუნქციონალს. აღსანიშნავია, რომ ბაზაზე იტვირთება იზოლატორში წარმოებული სრული დოკუმენტაცია, გარდა სამედიცინო დოკუმენტაციისა, რომელზეც წვდომა, მხოლოდ ექიმს გააჩნია.

ელექტრონულ ბაზაში ცვლილებების განხორციელება წინ გადადგმული ნაბიჯია სტატისტიკის წარმოების კუთხითაც. დღეისათვის, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება სრულად არის შესაძლებელი ბაზის საშუალებით, რომელიც ინტეგრირებულია სტატისტიკური მონაცემების ამოთვლის სპეციალურ პროგრამასთან.

სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილებები

2018 წელს განხორციელდა ცვლილება და იზოლატორებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების შენახვის მინიმალური დრო 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა. მოცემული ცვლილების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერი სრულად მოიცავს სისხლის თუ ადმინისტრაციული სამართლის წესით დაკავებული კონკრეტული პირის იზოლატორში ყოფნის პერიოდს.

ასევე შესაბამის სამართლებრივ აქტებში აისახა ახლადმიღებული დაზიანების განმარტება. მოცემული ცვლილებით, იმ იზოლატორებში, რომლებშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მკაფიოდ განისაზღვრა დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის პროცედურა და კრიტერიუმები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა ქვეყნის მასშტაბით დროებითი მოთავსების იზოლატორების თითოეულ საკანში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა. აღნიშნული ბრძანებით სრულად იქნა გათვალისწინებული თითოეულ დაკავებულზე საცხოვრებელი მინიმალური ფართის 4 მ2 სტანდარტი, რომელიც დადგენილია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ.

დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებისათვის დამტკიცდა ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი სამსახურებრივი ინსტრუქცია (სამუშაო აღწერილობები), სადაც დეტალურად გაიწერა მათი ფუნქცია-მოვალეობები და განისაზღვრა ინდივიდუალურად შესასრულებელი სამუშაო.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც უკვე ორი წელია არსებობს, სამინისტროს მიერ განხორციელდა სამართლებრივი ცვლილება და დღეისათვის იზოლატორში მოთავსებული პირების დაზიანებების და მათ მიერ გამოთქმული პრეტენზიების თაობაზე საქართველოს პროკურატურაში შეტყობინებას, იზოლატორების უფროსების ნაცვლად, თავად ექიმები გზავნიან.

თანამშრომელთა გადამზადება

2018 წელს მოხდა იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსის განახლება, რომლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უკვე მივლენილი გახლდათ ყველა მოსამსახურე. 2018 წელს სასწავლო კურსს დაესწრო 10 ჯგუფი ჯამში (200 თანამშრომელი).

მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსი შედგება 5 მოდულისგან: იზოლატორის საქმიანობა და მისი სამართლებრივი საფუძვლები, არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სამართლებრივი და ფსიქოლოგიური საკითხები, ადამიანის უფლებები, ჯანმრთელობის დაცვა და ფიზიკური შებოჭვის ხერხები.

დაკავებულთა უფლებების დაცვის კუთხით გადადგმული სხვა აქტივობები

იზოლატორებთან მიმართებაში არსებობდა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის რეკომენდაცია ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის რაიმე სახის აქტივობების შეთავაზების თაობაზე. მოცემული რეკომენდაციის გათვალისწინებით 2018 წელს ყველა იზოლატორს გადაეცა ადმინისტრაციული პატიმრებისათვის განკუთვნილი სამაგიდე თამაშები (დომინო და ჭადრაკი).

ამავდროულად იზოლატორებში მოხდა წიგნების რაოდენობის გაზრდა და დღეისათვის მხატვრული ლიტერატურა უკვე რამოდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი. საკითხი მასალა ხელმისაწვდომია ასევე სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირებისათვის.

დაკავებულ პირთა უფლება-მოვალეობების ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც დაკავებულებს იზოლატორში შემოსვლისთანავე გადაეცემა, დამატებით ნათარგმნი იქნა კიდევ რამდენიმე გავრცელებულ ენაზე (უფლება-მოვალეობების ამსახველი დოკუმენტები ჯამში უკვე 8 ენაზეა ნათარგმნი - რუსული, ინგლისური, აზერბაიჯანული, სომხური, ფრანგული, გერმანული, არაბული და თურქული).

იზოლატორებს გადაეცათ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული ბროშურები, რომლებშიც არასრულწლოვანთათვის სპეციალურად, გასაგები ენით არის ჩამოყალიბებული ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ. ბროშურები შეეხება არასრულწლოვანთა საპროცესო უფლებებს, ასევე მოიცავს ინფორმაციას ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმის თაობაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც 2018 წელს განხორციელდა, ეს გახლდათ იზოლატორების შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. შემოწმების შედეგად გაიცა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გეგმიური შემოწმების ფარგლებში დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უმეტეს იზოლატორში მონიტორინგი განახორციელა წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა და ყველა შემოწმებულ იზოლატორთან მიმართებაში მხოლოდ დადებითი შეფასება მივიღეთ, რაც ასევე აისახა მათ მიერ გამოცემულ ანგარიშში. კერძოდ კომიტეტის მიერ დადებითად შეფასდა იზოლატორში არსებული პირობები, მოთავსებულ პირთა რეგისტრაციის ელექტრონული ბაზის ფუნქციონირება, ასევე ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის მიერ დაკავებულთათვის მომსახურების გაწევის ხარისხი, მათ შორის, დაზიანებების დოკუმენტირების მიმართულება და კონფიდენციალურობის დაცვის საკითხები.