შსს-ს აკადემიამ ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურად ჟურნალისტებისთვის მომზადებული ხუთდღიანი მედიასემინარი დასრულდა. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ მედიასემინარის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
სწავლებას აკადემიის პროფესორები, ინსტრუქტორები და მოწვეული ლექტორები უძღვებოდნენ. ტრენინგი თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა. სემინარის მთავარი თემები იყო: ადამიანის უფლებები; პოლიციის ეთიკის კოდექსი; პერსონალური მონაცემების დაცვა; პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება - პირველადი ინსპექტირება; კიბერდანაშაული; ოჯახში ძალადობა; გენდერული თანასწორობა; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; კრიმინალისტიკა; მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები.
სწავლების განმავლობაში ჟურნალისტებმა სხვადასხვა იმიტირებულ და ტაქტიკურ სავარჯიშოში მიიღეს მონაწილეობა.
მედიასემინარის მიზანი იყო საპოლიციო განათლების საკითხებზე ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება.
ტრენინგის დახურვის ღონისძიებაზე შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ სემინარის მონაწილე ჟურნალისტებს აკადემიის ახალი ვებ-გვერდი - www.http://policeacademy.gov.ge წარუდგინა.
ახალი საიტი ვიზიტორებს სასურველი ინფორმაციის მარტივად მოძიებაში დაეხმარება. ვებ-გვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია შსს-ს აკადემიის საქმიანობის, სპეციალური პროფესიული განათლების მიღების პროცედურებისა და სასწავლო პროგრამების, დისტანციური სწავლების, ასევე, აკადემიაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
საიტის საშუალებით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ: სიმულაციური სავარჯიშოების მეშვეობით შეამოწმონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, ასევე, გახდნენ ელექტრონული ბიბლიოთეკის მომხმარებელი და მიიღონ ინფორმაცია წიგნის ფონდის შევსება-განახლებასთან დაკავშირებით; ონლაინ რეჟიმში ჩაერთონ საჯარო ლექციების მსვლელობაში; ონლაინ სერვისების გამოყენებით, ელექტრონულად გაიარონ რეგისტრაცია, ატვირთონ საჭირო დოკუმენტაცია და აირჩიონ სასურველი დრო და ტური, როგორც აკადემიაში, ასევე, შსს-ს არქივში;
ამავე საიტზე განთავსდება სპეციალური გვერდი, სადაც ჟურნალისტები აკადემიაში გავლილი სასწავლო კურსების შესახებ საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს დაწერენ.