შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებისთვის „ტექნოპარკში“ გაიმართა სწავლება თემაზე - „თანამედროვე პოლიცია და კიბერუსაფრთხოების გამოწვევები“. ტრენინგში 15 მართლწესრიგის ოფიცერი მონაწილეობდა.
სწავლების მიზანი იყო კიბერდანაშაულის მიმართულებით, ონლაინ-კრიმინალთან საბრძოლველად, მართლწესრიგის ოფიცრებისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება. ტრენინგზე განიხილეს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები, საკომუნიკაციო არხებისა და სოციალური ქსელების უსაფრთხოება, მობილური და კომპიუტერული ტექნოლოგიების დაცვა, ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა, ჰაკერებისა და თაღლითებისაგან დაცვის ზომები და სხვა საკითხები.
მართლწესრიგის ოფიცრების მოსახლეობასთან კომუნიკაცია, ასევე, მოიცავს მოქალაქეთა ინფორმირებას კიბერსაფრთხეების შესახებ და ოფიცრებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასეთი პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას, რეაგირებასა და დანაშაულის პრევენციას.
ოფიცრების მუშაობაში პრიორიტეტული მიმართულებაა მოზარდების კიბერბულინგისაგან დაცვის და პირადი ცხოვრების დაცვის საკითხი. მართლწესრიგის ოფიცრები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიასთან იმუშავებენ მათი ინფორმირების ამაღლებისათვის, საჭიროების შემთხვევაში კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომების მიღებაზე მშობლებსაც მისცემენ რეკომენდაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის სწავლებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.