შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 34 თანამშრომელს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მაღალი მთის სამთო ტექნიკური კურსი, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაღალი მთის სამთო ტექნიკური კურსი თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
სწავლების თეორიულ ნაწილს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, პრაქტიკული ნაწილი კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამთო ინსტრუქტორებმა ჩაატარეს.
ტრენინგის მონაწილეებმა მაღალ მთაზე გადაადგილების ხერხები, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკა, დაზარალებულის დახმარება და ევაკუაციის საკითხები შეისწავლეს.
სასწავლო კურსის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეების კვალიფიკაციის დონის ამაღლება.