შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 57-ე შეხვედრას დაესწრნენ. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებითა და რკინის ღობეებით გამოწვეული პრობლემების საკითხზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ზოლში ტირიფონის სარწყავი სისტემის გამართული ფუნქციონირების საკითხს და ამ კუთხით ცხელი ხაზით ინფორმაციის გაცვლის აუცილებლობას.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის და 2008 წლის 12 აგვისტოს უგზოუკვლოდ გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქის გრიგოლ ნალბანდოვის საქმის გამოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დე ფაქტო ცხინვალის წამომადგენლებმა დაადასტურეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გურამ გეგელაშვილის გათავისუფლების ფაქტი.