შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოსთან მეტად თავსებადი ავტომანქანებით ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპს იწყებს.
დღეს იაპონიის მთავრობის მიერ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადმოცემის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს.
ავტომანქანების გადმოცემის ცერემონიას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ქალაქ თბილისის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში იაპონიის ელჩი, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები, კორპორაცია „მიცუბიშის“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას და კორპორაცია „მიცუბიშის“ ქართული პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
არსებული საერთაშორისო ტენდენციების მიხედვით, სულ უფრო მეტი ქვეყნის პოლიცია ეტაპობრივად გადადის გარემოსთან უფრო თავსებად ავტომანქანებზე, როგორიცაა ჰიბრიდები და ელექტრომობილები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლისთვის ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა საპატრულო პოლიციის რეფორმა, სისტემაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება.
2015 წელს იაპონიის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გადასცა არასაპროექტო საგრანტო დახმარება (Non-Project Grant Aid), რომელიც მიზნად ისახავდა ახალი თაობის ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების შეძენას. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემებმა (JICS) კორპორაცია „მიცუბიშისთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 96 ავტომობილი (45 „Mitsubishi Outlander Plug-in Hybrid“ და 51 „Mitsubishi I-Miev electric vehicle“), რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, კერძოდ, 45 ჰიბრიდული ავტომანქანა - თბილისის საპატრულო პოლიციას, ხოლო დანარჩენი 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.
როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, იაპონიის მხარის მიერ ავტომანქანების გადმოცემა არის პირველი ნაბიჯი ქართული პოლიციის სპეცტექნიკის ეკოლოგიურად უსაფრთხო და თანამედროვე ტრანსპორტით განახლების საქმეში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უწყების ადმინისტრაციულ ხარჯებს.
საპატრულო პოლიციის მიერ ახალი, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ავტომობილების გამოყენება საზოგადოებისათვის არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს საპატრულო პოლიცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზეც ზრუნავს.