შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის შს მინისტრ კაშკარ ჯუნუშალიევთან და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრ კუბატბეკ ბორონოვთან ურთიერთგაგების სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი.
ხელმოწერის ცერემონია, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
აღნიშნული შეთანხმებები ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის შს სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ერთობლივ ბრძოლას ითვალისწინებს.
ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროსთან ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივი პროექტებისა და ტრენინგების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
მესამე მემორანდუმი ორი ქვეყნის შსს-ს აკადემიებს შორის გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, საქართველოს შსს-ს აკადემიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრად გარდაქმნის პროექტის ფარგლებში, სამართალდამცველთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება.
ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მინისტრები შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ახლადგახსნილ ცენტრს, „112“-ს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ეწვევიან.