შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიაში ევროპის პოლიციის კოლეჯების ასოციაციის (AEPC) ყოველწლიური კონფერენცია - "მიგრაციის მომავალი - მასთან დაკავშირებული გამოწვევები და რეაგირების გზები" გახსნა.
კონფერენციის გახსნას AEPC-ს პრეზიდენტი, ნორბერტ ლაიტნერი, შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრნენ.
„გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებას და პარტნიორი ქვეყნების მიერ ერთიანი მიდგომისა და სტრატეგიის შემუშავებას. ამის ერთ-ერთი საშუალებაა საგანმანათლებლო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება, რაც კომპეტენტური და პროფესიონალი პოლიციელების მომზადებაში გვეხმარება. მაღალკვალიფიციური და განათლებული პოლიციელი კი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს კრიმინალს. პირადად ჩემთვის პრიორიტეტს წარმოადგენს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება და მაღალი, დასავლური სტანდარტის საპოლიციო განათლების ხელშეწყობა. ჩვენ გვსურს, რომ შსს-ს აკადემია იქცეს რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად, რაც ხელს შეუწყობს როგორც საპოლიციო განათლების სტანდარტის ამაღლებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში, ამავდროულად, სამართალდაცვით სფეროში რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
AEPC-ის წლევანდელ კონფერენციაში 17 ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრებისა და აკადემიების, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელები მონაწილეობენ. ისინი მიგრაციასთან დაკავშირებით, საპოლიციო სწავლების მიმართულებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმატებულ პრაქტიკას განიხილავენ.
კონფერენციის მიზანია პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების სასწავლო ცენტრებსა და აკადემიებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება, ასევე, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ერთიანი მიდგომისა და სტრატეგიის შემუშავება.
კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება ევროკავშირის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს შსს-ს აკადემიის ასოციაციის მუდმივ აღმასრულებელ წევრად არჩევის შესახებ კენჭისყრის შედეგები გამოვლინდება.
ღონისძიების პარალელურად, შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერების აკადემიის რექტორმა, კატრი რაიკმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მოაწერეს ხელი. დოკუმენტი შსს-ს აკადემიასა და ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერების აკადემიას შორის მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის კოორდინირებულ საქმიანობას, სტუდენტებისა და პერსონალის პროფესიულ განვითარებას.
მემორანდუმი ითვალისწინებს: ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და საგანმანათლებლო პროექტების ჩატარებას; მსმენელების/სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამების და სასწავლო ვიზიტების განხორციელებას, ასევე, გამოცდილების გაზიარებას და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისათვის თანამშრომლობას.