შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს - ბეტინა კადენბახს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გერმანიაში შს მინისტრის პირველი სამუშაო ვიზიტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა და ბეტინა კადენბახმა სამართალდაცვით სფეროში გერმანია-საქართველოს ერთობლივი ნაბიჯები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, გერმანელ კოლეგებთან ერთად, კრიმინალის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებები უკვე დაწყებულია, რომლის შედეგებზეც საზოგადოება მალე შეიტყობს.
შს მინისტრმა და ელჩმა საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოს საპოლიციო სისტემაში დანერგილ ინოვაციებზე, მათ შორის, საგამოძიებო პრაქტიკაში დნმ-ს მონაცემთა ბანკის გამოყენებაზეც იმსჯელეს.
გერმანიის ელჩის თქმით, საქართველო გერმანიის საიმედო პარტნიორია და საქართველოს დემოკრატიული განვითარება რეგიონში თვალსაჩინოა, რაც მთელს ევროპას დიდ იმედს აძლევს.