მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ შეასრულა წინაასარჩევნო დაპირება და პოლიციის დეპოლიტიზაციის შემდეგ, 2015 წელს განახორციელა უმნიშვნელოვანესი სისტემური ცვლილებები. სამინისტროს გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რამაც ჩვენს წინაშე ახალი ამოცანები განსაზღვრა. ჩემს გუნდთან ერთად, განვახორციელე სისტემის ძირეული კვლევა და ანალიზი, განვსაზღვრე სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ პოლიცია გახდეს ბევრად ეფექტური და საზოგადოების საჭიროებებზე მაქსიმალურად ორიენტირებული. ჩვენი გეზი შუქცევადია - ესაა დასავლური სტანდარტები. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ 100 პროცენტით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებები, სახელმწიფოს ევროპული არჩევანი, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა, დამატებით გამოწვევებს და შესაბამისად, მიზნებს გვისახავს, რისთვისაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უკვე განსაზღვრული მაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
შსს-ში რეფორები გრძელდება, რომლებიც უზრუნველყოფენ პოლიციის შემდგომ განვითარებას და მის საბოლოოდ ჩამოყალიბებას ეფექტურ, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულ, სანდო და თანამედროვე უწყებად. კერძოდ:
- გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის შემდგომი მოდერნიზაცია, რაც გააუმჯობესებს პოლიციის შესაძლებლობებს დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით;
- ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დანაშაულის პრევენციის კომპონენტის გაძლიერება, ამისთვის ვგეგმავთ ვიდეომონიტორინგის სისტემის გაფართოებასა და განვითარებას;
- ამასთან, შეიცვლება მუშაობის მეთოდოლოგია, დაინერგება ახალი მიდგომები, რომელთა მიზანია პოლიციის საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოება;
- გარდა ამისა, ვაყალიბებთ ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას, ვგეგმავთ დნმ-ის ბანკის შექმნას და აღნიშნული გზით საგამოძიებო შესაძლებლობებისა და დანაშაულის პრევენციის ფუნქციის გაძლიერებას. მე გამომძიებელი ვიყავი და კარგად მაქვს გააზრებული, რომ ეს ნოვაცია მნიშვნელოვნად წინგადადმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კრიმინალისტიკის არსებობის ისტორიაში;
- კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშოროსო საპოლიციო თანამშრომლობის არეალი და გაღრმავდება ევროპულ საპოლიციო სტრუქტურებთან კოოპერაცია. მომავალ წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელს მოაწერს ევროპოლთან ყველაზე მაღალი დონის ხელშეკრულებას, რაც ევროინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება.
- ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას;
- მოხდება პოლიციის დანაყოფებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
- გაგრძელდება საზღვრის მართვის სისტემის რეფორმა სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციის და უნიფიკაციის ხუთწლიანი პროგრამის შესაბამისად;
- შემუშავებულია უბნის ინსპექტორის ახალი კონცეფცია. ესაა უბნის ინსპექტორი, როგორც ოჯახის მეგობარი, რომელსაც აღარ ექნება გამოძიებისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქციები;
- განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არალეგალურ მიგრაციასა და მასთან დაკავშირებული რისკების მართვას, ამ კუთხით სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებასა და სხვა უწყებებთან კოორდინაციის დონის ამაღლებას;
- დასკვნით ფაზაში შევა საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების მართვის სისტემის რეფორმა, რომელიც დაგეგმვის, კოორდინაციის, ტექნიკური მომზადების და სწრაფი რეაგირების შესაძლებლობებს მკვეთრად გააუმჯობესებს. რეფორმის ამ ეტაპზე, ტექნიკურ აღჭურვასთან ერთად, მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება მეხანძრე მაშველთა პროფესიული განათლება და მათი სოციალური გარანტიები;
- მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვისების შემდგომი სრულყოფა - გაუმჯობესდება ხელმისაწვდომობა, დაინერგება ახალი ტექნოლოგიები და მომსახურების პროცესი კიდევ უფრო ორიენტირებული გახდება მომხმარებელზე;
- განხორციელდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა, რომელიც გაზრდის საპატრულო პოლიციის მუშაობის ეფექტურობას მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოების დასაცავად;
- დაგეგმილია ადამიანური რესურსების მართვის ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომლის ფარგლებში, ახლიდან უნდა გამოვიკვლიოთ თუ რომელ უბანს, რომელ ე.წ. სამოქმედო კავადრატს რა ოდენობის ძალა და მომსახურება სჭირდება და სწორედ ამ საჭიროებებიდან გამოდინარე, მოხდება შსს-ს კადრების ხელახალი გადანაწილება;
- გაიმიჯნება საპოლიციო და სამოქალაქო ფუნქციები, რაც ხელს შეუწყობს მართვის თანამედროვე მოდელის დანერგვას, პოლიციელთათვის სტაბილური, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული კარიერული სისტემის შექმნასა და სახელმწიფო რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას პოლიციელთა განათლებისა და სოციალური დაცვის კუთხით, რაც უფრო დაგვაახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან;
- და რა თქმა უნდა, რეფორმები ვერ იქნება შედეგიანი, თუ მუდმივად არ ვიზრუნეთ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამ მიზნით დაგეგმილი გვაქვს შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება და მისი საპოლიციო განათლების რეგიონულ ცენტრად გარდაქმნა. შსს-ს აკადემიაში დაინერგება ახალი პროგრამები და დისტანციური სწავლება. ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება ღონისძიებები, რომლის მიზანია არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მაღალკვალიფიციური, დასავლურ ღირებულებებსა და სტანდარტებზე ორიენტირებული კადრები მიეწოდოს, რაც, თავის მხრივ, რეგიონული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.
საყურადღებოა, რომ შსს-სთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება:
- ოჯახში მომხდარ დანაშაულზე რეაგირება და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა;
- ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა - ამ სფეროში არსებული ნიშნულის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება;
- ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და პრევენცია, ასევე, ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა და მათზე რეაგირება;
- დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა სტანდარტის განუხრელი დაცვა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთათვის არსებული პირობების შემდგომი გაუმჯობესება;
- შეურიგებელი ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ნარკოტრაფიკის აღკვეთა, სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ მიღწეული შედეგების შენარჩუნება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტროლი და საზოგადოებრივ წესრიგზე მათი ზეგავლენის შემცირება;
- პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და ამ მიმართულებით სამინისტროს მიდგომების კიდევ უფრო დახვეწა;
- პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლებით;
- დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუდმივ ზრუნვას და მისი ჩართულობის გაზრდას დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის საქმეში.
აღნიშნული ამოცანების განხორციელების შედეგად, მას შემდეგ, რაც დაწყებულ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ, საქართველოს ეყოლება საზოგადოებაზე კიდევ უფრო ორიენტირებული პოლიცია, ეფექტური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ექნება საზღვრის მართვის ინტეგრირებული სისტემა და თანამედროვე სერვისები, რაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მართლწესრიგის და სამოქალაქო უსაფრთხოების უკეთ დაცვას.
ჩემი მიზანია, საზოგადოებას სჯეროდეს პოლიციის, ენდობოდეს პოლიციას და თითოეული პოლიციელი გრძნობდეს მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან.