ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში, საფლაგმანო ხომალდზე - „REGELE FERDINAND” ოფიციალური მიღება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ნატო-ს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„ჩვენ ვაფასებთ ნატო-ს ასეთ მხარდაჭერას. ის ფაქტი, რომ დღეს აქ ალიანსის საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან და ჩვენ ნატო-ს შენაერთის ბათუმის პორტში უკვე მესამედ შემოსვლას აღვნიშნავთ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის საზღვაო უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება.
როგორც მოგეხსენებათ, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომ მსგავსი ვიზიტების ორგანიზება და ერთობლივი ღონისძიებების ინტენსივობის გაზრდა ძალზე მნიშვნელოვანია.
საქართველომ დიდი ხანია დაამტკიცა, რომ მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაზეც მეტყველებს ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობს ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვაზე და მასთან დამაკავშირებელ საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გამოვხატავთ სრულ მზაობას, რათა უფრო მეტად გავაფართოვოთ ნატო-ს საზღვაო ოპერაციაში ჩვენი ჩართულობის მასშტაბები და ამით კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი წვლილი ზღვაზე ტერორიზმისა და უკანონო ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.
საქართველოს პორტები ღიაა მოკავშირეებისთვის. თქვენი სტუმრობა გვახარებს და გვაძლევს იმედს, რომ ერთად შევძლებთ, ეფექტიანად გავუმკლავდეთ ჩვენს საერთო გამოწვევებს“.
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, უკვე მესამედ იმყოფება.